ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ პაატა შამუგიასთან.
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი
***
პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ.
პაატა შამუგია: მგონი, „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. მანამდე, რა თქმა უნდა, იყო ქართული ხალხური ზღაპრები, მაგრამ ეგენი არ ითვლება. წაკითხვამდე კარგა ხნით ადრე ბებიაჩემის მონათხრობით ვიცოდი მათი უმეტესობა.
პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან...
პაატა შამუგია: იოზეფ კ სულ ჩემთანაა. იოჰიმ ნაგელი მე თვითონ ვარ.
წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ…
პაატა შამუგია: ასეთი ბევრია. აი, რამდენიმე: უიტმენის „ბალახის ფოთლები“, კაფკას „პროცესი“, ბეკეტის „მოლოი“, სარამაგუს „იესოს სახარება“, ბიორნბოს „სიჩუმე“, ფრანზენის „შესწორებები“, ვიიონის „მცირე ანდერძი“, ჭილაძის „გოდორი“ და ა.შ. რომ მივყვე, რუბრიკის სახელწოდების შეცვლა მოგიწევთ.
პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ...
პაატა შამუგია: ჯელსომინო ზღაპრიდან „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“. მიზეზი, რატომაც ვამსგავსებ, პრინციპში, სათაურშივეა მოცემული.
ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით...
პაატა შამუგია: ცხოვრების რაღაც ეტაპზე ძალიან გამაწამა ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენის“ ფინალმა. სიამოვნებით შევცვლიდი.
წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით, იმისთვის, რომ თავიდან წაგეკითხათ...
პაატა შამუგია: თავიდან წაკითხვის სიამოვნებას დავიწყების გარეშეც არ ვიკლებ. ყველა წიგნი, რომელიც მომწონს, რამდენჯერმე მაქვს წაკითხული.
ნაწარმოები, რომელსაც ფილმად გადაიღებდით...
პაატა შამუგია: ასეთია კუტზეეს „სირცხვილი“. მართალია, ამ დიდ რომანზე ფილმი უკვე გადაღებულია და მასში უძმესი და უნეტარესი ჯონ მალკოვიჩი თამაშობს, მაგრამ ფილმი კაპიკად არ ვარგა. ეს რომანი არის შედევრი და ფილმიც უნდა იყოს შედევრი. სხვანაირად არ შეიძლება. ჰოდა, ფილმი არ არის შედევრი.
ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები...
პაატა შამუგია: რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“. ოღონდ სხვანაირად მუსიკალურია - გიჟურად, დაუდევრად, არაკლასიკურად.
მგონი, შარშან გამოვიდა კრებული „ფრანგული შანსონი“ (ბაჩანა ჩაბრაძის თარგმნილი). შანსონი იქამდეც მომესმინა, მაგრამ ფრანგულის არცოდნის გამო, მარტო მელოდიის ათვისებით ვკმაყოფილდებოდი. ტექსტების წაკითხვის მერე კიდევ უფრო გამიმტკიცდა ეგ აზრი, რომ გარგანტუაში არის შანსონი (და ჩემში უფრო ანგელოზია).
წიგნი/ნაწარმოები, რომელიც გსურთ, რომ თქვენი დაწერილი იყოს...
პაატა შამუგია: პაატა შამუგიას „დაუჯდომელი“. მშურს ამ ავტორის, რადგან ეს ტექსტი დაწერა.
რომელი მწერლის აღწერილ სამყაროს ამსგავსებთ თქვენსას?
პაატა შამუგია: ასეთია ჰამსუნის „მისტერიები“. როგორც ჰამსუნის რომანში, ისე ჩემს ცხოვრებაში მისტერიები ყოველდღიური რუტინის ფორმატში ჩნდება. არავითარი ჯადოსნობა, მფრინავი გველხოკერები და ფაუსტური კონტრაქტები - მე და იოჰიმ ნაგელს ეს არ გამოგვადგება.
რომელი ნაწარმოების პერსონაჟი იქნებოდით და რომელი პერსონაჟი?
პაატა შამუგია: პელევინს აქვს საოცარი პიესა-რომანი „საშინელებათა ჩაფხუტი: თეზევსის და მინოტავრის მითი“. მთელი რომანი პოპკულტურის პაროდიაა მითოლოგიის, ფილოსოფიის და პარაფსიქოლოგიის გავლით. ვიქნებოდი ამ პიესა-რომანის პერსონაჟი მონსტრადამუსი. როგორც ხვდებით, ონომაპოეტური ანუ ხმაბაძვითი კომპოზიტია - ნოსტრადამუსის რევერსული პაროდიაა, მეორე მხრივ, მონსტრიცაა და ამავდროულად, ადამზეც გვლინკავს, ანუ ყველაზე არქეტიპული ტიპია. ერთი სიტყვით, კარგი ტიპია, რა.
რომელი პერსონაჟის შეგშურებიათ ყველაზე მეტად, როდის და რატომ?
პაატა შამუგია: ბოლო დროს ყველა იმ პერსონაჟის მშურს, რომელსაც კარგი სახლი აქვს.
0 comments