ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ ირაკლი კაკაბაძესთან (იაკი კაბე).
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი
***
ირაკლი კაკაბაძე: ყველა წიგნი დამოუკიდებლად მაქვს წაკითხული. პირველი რომელი იყო, აღარც კი მახსოვს, კითხვა ვისწავლე თუ არა, ყველგან და ყველაფერს ვკითხულობდი, ტუალეტში დატოვებულ ბიძაჩემის გაზეთებიანად. მერე, გვიან დავიწყე ლიტერატურის შერჩევა. ვერ ვიხსენებ, მაგრამ დასაწყისში ვაჟას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და არჩილ სულაკაურის „ცისფერი ირემი“ ნამდვილად იყო.
პერსონაჟი/პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან...
ირაკლი კაკაბაძე: ყველამ მიმატოვა! იესო ნაზარეველმაც კი.
წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ...
ირაკლი კაკაბაძე: ყველა წიგნმა დამიტოვა კვალი, არც ერთ ტექსტს გულის ან გონების გარეთ არ ჩაუვლიათ. ცუდმა წიგნებმაც კი მისახსოვრეს რამე. არ ვიცი, რა არის მხატვრული ცოდნა, ჩემი ლიტერატურული გემოვნების სათავეებთან კი ეკზიუპერი, ანა ფრანკი, სელინჯერი, აკუტაგავა და ჰემინგუეი დგანან. მათ ვუმადლი საუკეთესო მეგზურობას გზის დასაწყისში.
პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ...
ირაკლი კაკაბაძე: ბერძნული ტრაგედიების გმირები, არა სრულყოფილების გამო, არამედ სრულყოფილებისკენ სწრაფვის გამო. არა მშვენიერებისა და სილამაზის, ან ჰარმონიულობის, ან მტკიცე ხასიათის და უკომპრომისობის გამო, არამედ სწრაფვისთვის, სურვილისთვის, ნატვრისთვის.
ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით...
ირაკლი კაკაბაძე: მთავარი ე. წ. კვანძის შეკვრა და გახსნაა. უმეტესად შევმცდარვარ, მაგრამ წიგნის პირველი გვერდებიდანვე ვყნოსავ ფინალის ხარისხს. არასოდეს ვიწყებ კითხვას ანოტაციით, ამას ყოველთვის უინტერესო, ტექსტის ხელოსანი ხალხი წერს, არც სარჩევიდან, ფინალიც ასეთი უმნიშვნელო არ არის, მაგრამ სუსტ ფინალს ადვილად ვპატიობ ავტორს, მთავარი ჩემთვის ფინალამდე გზაა, ფინალამდე როგორ მივყავარ მწერალს. განა მნიშვნელოვანი არ არის, როგორ მოვკვდებით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია - როგორ ვიცხოვრეთ, როგორ მივედით აღსასრულამდე, წიგნიც ასეა.
წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით, იმისთვის, რომ თავიდან წაგეკითხათ...
ირაკლი კაკაბაძე: არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს მეორედ, არც ერთი ფილმი, ან სპექტაკლი არ მინახავს განმეორებით, ეს ცუდიცაა და კარგიც.
ცუდია იმ მხრივ, რომ შეიძლება არა შესაბამის დროსა და ვითარებაში გავეცანი და ამის გამო ვერ გავიგე, ან სათანადოდ ვერ ჩავუღრმავდი. მხოლოდ პოეზიას ვუბრუნდები მეორედ, მესამედ, მეათედ, მეასედ.
ძირითადად სკოლის პროგრამით ნასწავლმა ნაწარმოებებმა დამაკარგინეს ძვირფასი დრო და რომ შემეძლოს უმეტესობას ერთიანად გადავისვრიდი დავიწყებაში. გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველ ბავშვებს სკოლიდანვე აძულებენ წიგნებსა და ლიტერატურას, ცუდი, ან ასაკობრივი თავისებურებების გაუთვალისწინებლად შერჩეული ტექსტებით.
ნაწარმოები, რომელსაც ფილმად გადაიღებდით...
ირაკლი კაკაბაძე: უკვე ყველა გადავიღე, რაც კი წამიკითხავს. ეს თავისებურება მახასიათებს, სურათებად, კადრებად ვხედავ კითხვის პროცესში ნაწარმოებს, ხშირად მელოდიებიც კი ახლავს.
რადგან ყველა შეკითხვაში დაკონკრეტებას მთხოვთ, მე კი ჯიუტად არაფერს ვაკონკრეტებ, აქ გაგიმხელთ ჩემს ოცნებას, ყოველთვის მინდოდა რეჟისორი ვყოფილიყავი, არ ვიცი პირველს რომელ ნაწარმოებს ვაქცევდი ფილმად, მაგრამ ბოლოს, რამაც ასეთი სურვილი აღმიძრა -სალმან რაშდის „შუაღამის შვილები“ იყო.
ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები...
ირაკლი კაკაბაძე: ძველი აღთქმის წიგნები, თითქმის მთლიანად პოეზიაა, მუსიკაა. ამ წიგნების გახსენებამ კი გამახსენა, ძალიან მუსიკალური წიგნი - ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „იესო ძე კაცისა“.
წიგნი/ნაწარმოები, რომელიც გსურთ, რომ თქვენი დაწერილი იყოს...
ირაკლი კაკაბაძე: ასეთს აუცილებლად დავწერ!
რომელი მწერლის აღწერილ სამყაროს ამსგავსებთ თქვენსას?
ირაკლი კაკაბაძე: ბოლოს მილან კუნდერას „უმეცრებამ“ დამიტოვა ასეთი შეგრძნება.
ისე კი, ყველა წიგნში საკუთარ სამყაროს არ ვეჯახებით? მწერალთა სარკეებში არ ვილანდებით გაშიშვლებულნი?
რომელი ნაწარმოების და რომელი პერსონაჟი იქნებოდით?
ირაკლი კაკაბაძე: უკვე გუსტავ აშენბახი ვარ, თომას მანის „სიკვდილი ვენეციაში“, ტაძიო ვიქნებოდი.
რომელი პერსონაჟის შეგშურებიათ ყველაზე მეტად, როდის და რატომ?
ირაკლი კაკაბაძე: ჩვენ ყველასი გვშურს, ვინც წიგნის პერსონაჟად იქცა.
0 comments